სიარული დანის წვერზე: ნინო სუხიშვილი ტრადიციისა და მოდერნიზაციას შორის “ოქროს კვეთაზე” ავტორი: თათა მერებაშვილი არსებობს მოვლენები, რომლებიც დროს უძლებს და არსებობს „სუხიშვილები“ – ანსამბლი, რომელიც თავად ქმნის დროს. სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი როდესაც გამოდის, ეს არ არის მხოლოდ ცეკვა, ეს არის ქართული სულის ყივილი და ტრადიციის მუდმივი განახლება. ანსამბლის სათავეში დგას ქალი, რომლისთვისაც წინაპრების დანატოვარი არამხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ცოცხალი, მფეთქავი ენერგია, რომელიც მუდმივად ვითარდება. ნინო სუხიშვილი ინტერვიუში გვიმხელს, როგორ ინარჩუნებს ანსამბლი „ოქროს კვეთას“ აკადემიზმსა და რადიკალურ ექსპერიმენტებს შორის და რატომ არის მწვერვალზე დარჩენა უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე – მასზე ასვლა. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ქართული ცეკვის ხასიათი და ენერგეტიკა ბოლო ათწლეულებში და გახდა თუ არა ის უფრო აკადემიური და დახვეწილი, თუ პირიქით – უფრო თავისუფალი და ექსპერიმენტული? ქართული საცეკვაო ხელოვნების ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ 80 წლის წინ დაიწყო, როდესაც ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა პირველებმა გაბედეს ნოვატორობა. სწორედ მათ აიყვანეს ქართული ცეკვა აკადემიურ სიმაღლეზე და მისცეს მას სერიოზული ხელოვნების სახე, რამაც მსოფლიოს საუკეთესო დარბაზების აღიარება მოგვიტანა. თუმცა, ხელოვნება ცოცხალი ორგანიზმია – თუ ის არ ვითარდება, სამუზეუმო ექსპონატად იქცევა. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით: შეიცვალა მუსიკალური ენა და ქორეოგრაფიული ნახაზი, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობისთვის. დღეს ქართული ცეკვა „მოდაშია“ – ყოველი მეორე ბავშვი ცეკვავს. რიტმი აჩქარდა, მოძრაობები გართულდა და ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენც წინ მივიწევთ, რადგან შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ისეთივე დარჩე, როგორიც 50-იან წლებში იყავი. ჩვენი მიზანია, ცეკვა იყოს თანამედროვეობის ადეკვატური და არა მხოლოდ წარსულის რელიქვია. როდესაც ასეთი მასშტაბური ისტორიის მქონე ანსამბლს ხელმძღვანელობთ, როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ტრადიციების ერთგულებასა და რადიკალურ სიახლეებს შორის და სად გადის ზღვარი არქივის დაცვასა და მოდერნიზაციას შორის? ეს ზღვარი ძალიან ვიწროა და დანის წვერზე სიარულს ჰგავს. ერთი მხრივ, ჩვენი ფესვები ტრადიციაშია და ყოველი ახალი დადგმა ამ საძირკველზე შენდება, მაგრამ მეორე მხრივ – მოდერნიზაციის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. აქ ყველაზე დიდი საფრთხე გემოვნების დაკარგვაა. თუ ზღვარს გადახვალ, ხელოვნება შეიძლება იაფფასიან „კიჩად“, ან სუვენირად იქცეს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვეძებთ იმ „ოქროს კვეთას“, სადაც სიახლე არ კლავს ავთენტურობას, არამედ პირიქით – ახალ სიცოცხლეს სძენს მას. ჩვენი არქივი ჩვენი ძალაა, მაგრამ მოდერნიზაცია არის ის ენა, რომლითაც დღევანდელ მაყურებელს ვესაუბრებით. თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი, რაც „სუხიშვილებს“ სხვა დასებისგან განასხვავებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართულ ცეკვას ასრულებს და რა ხდის თქვენს შესრულებას უნიკალურს? „სუხიშვილების“ მთავარი ძალა მის უნიკალურ ავტოგრაფშია. ეს არის განსაკუთრებული სტილი, მანერა და პრინციპი, რომელიც ყველა შესრულებაში იგრძნობა. ჩვენზე ყოველთვის იყო სწორება და ბევრი ჩვენგან იღებდა მაგალითს, რაც ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩვენი სტილი მაინც ხელშეუხებელი დარჩა. მართალია, ქართული ცეკვა ჩვენ არ მოგვიგონია, მაგრამ ჩვენ შევქმენით ის მაღალი დონის პროფესიული ქორეოგრაფია, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო „სუხიშვილების სტილად“ იცნობს. ეს არის ესთეტიკა, სადაც ყოველი მოძრაობა გააზრებულია და აყვანილია ხელოვნების უმაღლეს რანგში. არსებობს თუ არა თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის, გარკვეული ეთიკური ან ესთეტიკური „წითელი ხაზები“ და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც პოპულარულ იდეაზე გითქვამთ უარი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ანსამბლის ღირებულებებში არ ჯდებოდა? ჩვენი მთავარი კრიტერიუმი შინაგანი რწმენაა. თუ იდეა ჩვენს ესთეტიკაში არ ჯდება, მასზე უარს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვამბობთ, რამდენადაც მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს ის ფინანსურად. თუმცა, ექსპერიმენტების არასდროს გვეშინია. ხელოვნებაში ექსპერიმენტი თავისუფლების გამოხატულებაა – იქნება ეს რეჟისორი თუ ქორეოგრაფი, ყველას აქვს უფლება ეძებოს ახალი ფორმები. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც პირადად მოგვწონს და გვაინტერესებს. რომ არ მოგვწონდეს, უბრალოდ ვერ გავაკეთებდით. როგორ იბადება კოსტიუმების დიზაინი – თქვენ თავად ქმნით ესკიზებს და განსაზღვრავთ თითოეულ დეტალს, თუ ეს პროცესი გუნდური მუშაობის შედეგია? კოსტიუმების შექმნა ინდივიდუალური შემოქმედებაა. თუ ცეკვის დადგმა გუნდური პროცესია, სადაც ქორეოგრაფი, მუსიკოსი და მოცეკვავე ერთიანდებიან, კოსტიუმზე მხატვარი მუშაობს დამოუკიდებლად. ჩვენი ამოცანაა, სამოსი ცეკვის ხასიათსა და რეგიონულ იდენტობას მოვარგოთ. ტრადიციულ პროექტებში ჩარჩოები უფრო მკაცრია, რათა ეთნოგრაფიული სიზუსტე არ დაირღვეს, ხოლო თანამედროვე, მოდერნიზებულ დადგმებში მხატვარს სრული თავისუფლება აქვს, რომ ფანტაზიას გასაქანი მისცეს და შექმნას ისეთი სამოსი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც რეპეტიციისას დაშვებულმა შემთხვევითმა „შეცდომამ“ ახალი ცეკვის ან მოძრაობის იდეა მოგცათ? შეცდომას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო ინდივიდუალიზმის გამოვლინებაა. ყოველ მოცეკვავეს თავისი შესრულების მანერა და პლასტიკა აქვს. როდესაც ქორეოგრაფი ილეთს აჩვენებს, მოცეკვავე მას თავისებურად ირგებს. თუ მან მოძრაობა ბუნებრივად ვერ შეიგრძნო, ის სცენაზე ვერ გაცოცხლდება. ხშირად სწორედ მოცეკვავის მიერ „თავისებურად“ შესრულებული ელემენტი ხდება ახალი ქორეოგრაფიული შტრიხის შთაგონება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ქორეოგრაფია მოცეკვავის სტილს მოვარგოთ. რა ხდება კულისებში სცენაზე გასვლამდე ერთი წუთით ადრე და როგორ ახერხებთ, რომ ამდენი განსხვავებული მოცეკვავე ერთ ემოციურ ტალღაზე დააყენოთ და მათგან ის მუხტი გამოიტანოთ, რომელიც მაყურებლამდე უნდა მივიდეს? კულისები ადრენალინის და ემოციების მოზღვავების ზონაა. გასვლის წინ ყველა ნერვიულობს, ხურდება და ემზადება. ჩემი როლი ამ დროს მათ შეგულიანებაშია. ერთი სწორი სიტყვა, კომპლიმენტი ან შეძახილი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დასი ერთ მუშტად შეიკრას და სცენაზე ისეთი ენერგია დაანთოს, რომელიც მაყურებელს სუნთქვას შეუკრავს. გეგმავთ თუ არა უახლოეს პერიოდში ისეთ ექსპერიმენტულ პროგრამას, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე გვინახავს? რა თქმა უნდა! ჩვენ არასდროს ვჯერდებით მიღწეულ წარმატებას. ყოველ წელს ახალი პროექტის ძიებაში ვართ. ახლაც აქტიურად ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის და მაყურებელს კვლავ ველოდებით სიახლეებითა და სიურპრიზებით. ჩვენთვის ყოველი ახალი სეზონი ახალი გამოწვევაა, რომ კიდევ უფრო გავაკვირვოთ ჩვენი ერთგული მაყურებელი. რა არის ის მთავარი პიროვნული გაკვეთილი, რომელიც თქვენმა წინაპრებმა, ნინომ და ილიკომ დაგიტოვეს? ეს არის საქმისადმი უპირობო სიყვარული და პატრიოტიზმი. მათი მთავარი ანდერძი იყო – აკეთო შენი საქმე ბოლომდე და მასში მთელი ენერგია ჩადო. ჩვენი ოჯახის სამივე თაობამ საკუთარი თავი მთლიანად შესწირა ამ ანსამბლს. ხალხი მხოლოდ სცენაზე გამოსულ ბრწყინვალებას ხედავს, მაგრამ მის მიღმა რამხელა თავგანწირვა და შრომა დევს, მხოლოდ ამ სისტემაში მყოფმა ადამიანებმა იციან. სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე ამ სიმძიმის ტარება უბრალოდ შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მწვერვალზე ასვლა რთულია, მაგრამ მასზე დარჩენა – გაცილებით რთული. შენ არ გაქვს უფლება თამასა დასწიო ან ხარისხი დააგდო, რადგან მაყურებელი ყოველთვის იდეალურს ელოდება. თუმცა, ამავე დროს, ეს არის უდიდესი სიამაყე. ეს სახელი მართლაც გვაძლევს ფრთებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ ჩვენი კულტურის განვითარებისთვის. დაბოლოს, თუ წარმოვიდგენთ ანსამბლის მომავალს 10 წლის შემდეგ – რა არის ის ერთი მთავარი პროფესიული მიზანი ან ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული? დრო საოცარი სისწრაფით გარბის – 10 წლის წინანდელი ამბები გუშინდელივით მახსოვს. მომავალში კვლავ განვითარებასა და ახალ პროგრამებს ვხედავ, თუმცა მაქვს ერთი დიდი ოცნება: მინდა საქართველოში დაარსდეს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის მუზეუმი. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ისტორია და მომავალი ერთმანეთს შეხვდება. იმედი მაქვს, მომდევნო ათწლეულში ამ ჩანაფიქრსაც შევასხამთ ხორცს.
მედია ცენტრის რედაქცია5 წთ საკითხავი
სიარული დანის წვერზე: ნინო სუხიშვილი ტრადიციისა და მოდერნიზაციას შორის “ოქროს კვეთაზე”
ავტორი: თათა მერებაშვილი
არსებობს მოვლენები, რომლებიც დროს უძლებს და არსებობს „სუხიშვილები“ – ანსამბლი, რომელიც თავად ქმნის დროს. სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი როდესაც გამოდის, ეს არ არის მხოლოდ ცეკვა, ეს არის ქართული სულის ყივილი და ტრადიციის მუდმივი განახლება. ანსამბლის სათავეში დგას ქალი, რომლისთვისაც წინაპრების დანატოვარი არამხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ცოცხალი, მფეთქავი ენერგია, რომელიც მუდმივად ვითარდება. ნინო სუხიშვილი ინტერვიუში გვიმხელს, როგორ ინარჩუნებს ანსამბლი „ოქროს კვეთას“ აკადემიზმსა და რადიკალურ ექსპერიმენტებს შორის და რატომ არის მწვერვალზე დარჩენა უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე – მასზე ასვლა.
თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ქართული ცეკვის ხასიათი და ენერგეტიკა ბოლო ათწლეულებში და გახდა თუ არა ის უფრო აკადემიური და დახვეწილი, თუ პირიქით – უფრო თავისუფალი და ექსპერიმენტული?
ქართული საცეკვაო ხელოვნების ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ 80 წლის წინ დაიწყო, როდესაც ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა პირველებმა გაბედეს ნოვატორობა. სწორედ მათ აიყვანეს ქართული ცეკვა აკადემიურ სიმაღლეზე და მისცეს მას სერიოზული ხელოვნების სახე, რამაც მსოფლიოს საუკეთესო დარბაზების აღიარება მოგვიტანა. თუმცა, ხელოვნება ცოცხალი ორგანიზმია – თუ ის არ ვითარდება, სამუზეუმო ექსპონატად იქცევა. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო შორს წავედით: შეიცვალა მუსიკალური ენა და ქორეოგრაფიული ნახაზი, რაც განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ახალგაზრდა თაობისთვის. დღეს ქართული ცეკვა „მოდაშია“ – ყოველი მეორე ბავშვი ცეკვავს. რიტმი აჩქარდა, მოძრაობები გართულდა და ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენც წინ მივიწევთ, რადგან შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ისეთივე დარჩე, როგორიც 50-იან წლებში იყავი. ჩვენი მიზანია, ცეკვა იყოს თანამედროვეობის ადეკვატური და არა მხოლოდ წარსულის რელიქვია.
ნინო სუხიშვილი: “ყოველთვის ვცდილობთ, ქორეოგრაფია მოცეკვავის სტილს მოვარგოთ”.
როდესაც ასეთი მასშტაბური ისტორიის მქონე ანსამბლს ხელმძღვანელობთ, როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ტრადიციების ერთგულებასა და რადიკალურ სიახლეებს შორის და სად გადის ზღვარი არქივის დაცვასა და მოდერნიზაციას შორის?
ეს ზღვარი ძალიან ვიწროა და დანის წვერზე სიარულს ჰგავს. ერთი მხრივ, ჩვენი ფესვები ტრადიციაშია და ყოველი ახალი დადგმა ამ საძირკველზე შენდება, მაგრამ მეორე მხრივ – მოდერნიზაციის გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია. აქ ყველაზე დიდი საფრთხე გემოვნების დაკარგვაა. თუ ზღვარს გადახვალ, ხელოვნება შეიძლება იაფფასიან „კიჩად“, ან სუვენირად იქცეს. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვეძებთ იმ „ოქროს კვეთას“, სადაც სიახლე არ კლავს ავთენტურობას, არამედ პირიქით – ახალ სიცოცხლეს სძენს მას. ჩვენი არქივი ჩვენი ძალაა, მაგრამ მოდერნიზაცია არის ის ენა, რომლითაც დღევანდელ მაყურებელს ვესაუბრებით.
ნინო სუხიშვილი: “ექსპერიმენტების არასდროს გვეშინია. ხელოვნებაში ექსპერიმენტი თავისუფლების გამოხატულებაა – იქნება ეს რეჟისორი თუ ქორეოგრაფი, ყველას აქვს უფლება ეძებოს ახალი ფორმები.”
თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი, რაც „სუხიშვილებს“ სხვა დასებისგან განასხვავებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართულ ცეკვას ასრულებს და რა ხდის თქვენს შესრულებას უნიკალურს?
„სუხიშვილების“ მთავარი ძალა მის უნიკალურ ავტოგრაფშია. ეს არის განსაკუთრებული სტილი, მანერა და პრინციპი, რომელიც ყველა შესრულებაში იგრძნობა. ჩვენზე ყოველთვის იყო სწორება და ბევრი ჩვენგან იღებდა მაგალითს, რაც ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩვენი სტილი მაინც ხელშეუხებელი დარჩა. მართალია, ქართული ცეკვა ჩვენ არ მოგვიგონია, მაგრამ ჩვენ შევქმენით ის მაღალი დონის პროფესიული ქორეოგრაფია, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო „სუხიშვილების სტილად“ იცნობს. ეს არის ესთეტიკა, სადაც ყოველი მოძრაობა გააზრებულია და აყვანილია ხელოვნების უმაღლეს რანგში.
არსებობს თუ არა თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის, გარკვეული ეთიკური ან ესთეტიკური „წითელი ხაზები“ და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც პოპულარულ იდეაზე გითქვამთ უარი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ანსამბლის ღირებულებებში არ ჯდებოდა?
ჩვენი მთავარი კრიტერიუმი შინაგანი რწმენაა. თუ იდეა ჩვენს ესთეტიკაში არ ჯდება, მასზე უარს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვამბობთ, რამდენადაც მომგებიანიც არ უნდა ჩანდეს ის ფინანსურად. თუმცა, ექსპერიმენტების არასდროს გვეშინია. ხელოვნებაში ექსპერიმენტი თავისუფლების გამოხატულებაა – იქნება ეს რეჟისორი თუ ქორეოგრაფი, ყველას აქვს უფლება ეძებოს ახალი ფორმები. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც პირადად მოგვწონს და გვაინტერესებს. რომ არ მოგვწონდეს, უბრალოდ ვერ გავაკეთებდით.
როგორ იბადება კოსტიუმების დიზაინი – თქვენ თავად ქმნით ესკიზებს და განსაზღვრავთ თითოეულ დეტალს, თუ ეს პროცესი გუნდური მუშაობის შედეგია?
კოსტიუმების შექმნა ინდივიდუალური შემოქმედებაა. თუ ცეკვის დადგმა გუნდური პროცესია, სადაც ქორეოგრაფი, მუსიკოსი და მოცეკვავე ერთიანდებიან, კოსტიუმზე მხატვარი მუშაობს დამოუკიდებლად. ჩვენი ამოცანაა, სამოსი ცეკვის ხასიათსა და რეგიონულ იდენტობას მოვარგოთ. ტრადიციულ პროექტებში ჩარჩოები უფრო მკაცრია, რათა ეთნოგრაფიული სიზუსტე არ დაირღვეს, ხოლო თანამედროვე, მოდერნიზებულ დადგმებში მხატვარს სრული თავისუფლება აქვს, რომ ფანტაზიას გასაქანი მისცეს და შექმნას ისეთი სამოსი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია.
ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც რეპეტიციისას დაშვებულმა შემთხვევითმა „შეცდომამ“ ახალი ცეკვის ან მოძრაობის იდეა მოგცათ?
შეცდომას ვერ დავარქმევდი, ეს უფრო ინდივიდუალიზმის გამოვლინებაა. ყოველ მოცეკვავეს თავისი შესრულების მანერა და პლასტიკა აქვს. როდესაც ქორეოგრაფი ილეთს აჩვენებს, მოცეკვავე მას თავისებურად ირგებს. თუ მან მოძრაობა ბუნებრივად ვერ შეიგრძნო, ის სცენაზე ვერ გაცოცხლდება. ხშირად სწორედ მოცეკვავის მიერ „თავისებურად“ შესრულებული ელემენტი ხდება ახალი ქორეოგრაფიული შტრიხის შთაგონება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ქორეოგრაფია მოცეკვავის სტილს მოვარგოთ.
რა ხდება კულისებში სცენაზე გასვლამდე ერთი წუთით ადრე და როგორ ახერხებთ, რომ ამდენი განსხვავებული მოცეკვავე ერთ ემოციურ ტალღაზე დააყენოთ და მათგან ის მუხტი გამოიტანოთ, რომელიც მაყურებლამდე უნდა მივიდეს?
კულისები ადრენალინის და ემოციების მოზღვავების ზონაა. გასვლის წინ ყველა ნერვიულობს, ხურდება და ემზადება. ჩემი როლი ამ დროს მათ შეგულიანებაშია. ერთი სწორი სიტყვა, კომპლიმენტი ან შეძახილი საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დასი ერთ მუშტად შეიკრას და სცენაზე ისეთი ენერგია დაანთოს, რომელიც მაყურებელს სუნთქვას შეუკრავს.
გეგმავთ თუ არა უახლოეს პერიოდში ისეთ ექსპერიმენტულ პროგრამას, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც აქამდე გვინახავს?
რა თქმა უნდა! ჩვენ არასდროს ვჯერდებით მიღწეულ წარმატებას. ყოველ წელს ახალი პროექტის ძიებაში ვართ. ახლაც აქტიურად ვემზადებით ზაფხულის სეზონისთვის და მაყურებელს კვლავ ველოდებით სიახლეებითა და სიურპრიზებით. ჩვენთვის ყოველი ახალი სეზონი ახალი გამოწვევაა, რომ კიდევ უფრო გავაკვირვოთ ჩვენი ერთგული მაყურებელი.
ნინო სუხიშვილი: “ჩვენი მიზანია, ცეკვა იყოს თანამედროვეობის ადეკვატური და არა მხოლოდ წარსულის რელიქვია.”
რა არის ის მთავარი პიროვნული გაკვეთილი, რომელიც თქვენმა წინაპრებმა, ნინომ და ილიკომ დაგიტოვეს?
ეს არის საქმისადმი უპირობო სიყვარული და პატრიოტიზმი. მათი მთავარი ანდერძი იყო – აკეთო შენი საქმე ბოლომდე და მასში მთელი ენერგია ჩადო. ჩვენი ოჯახის სამივე თაობამ საკუთარი თავი მთლიანად შესწირა ამ ანსამბლს. ხალხი მხოლოდ სცენაზე გამოსულ ბრწყინვალებას ხედავს, მაგრამ მის მიღმა რამხელა თავგანწირვა და შრომა დევს, მხოლოდ ამ სისტემაში მყოფმა ადამიანებმა იციან. სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე ამ სიმძიმის ტარება უბრალოდ შეუძლებელია.
პირველ რიგში, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. მწვერვალზე ასვლა რთულია, მაგრამ მასზე დარჩენა – გაცილებით რთული. შენ არ გაქვს უფლება თამასა დასწიო ან ხარისხი დააგდო, რადგან მაყურებელი ყოველთვის იდეალურს ელოდება. თუმცა, ამავე დროს, ეს არის უდიდესი სიამაყე. ეს სახელი მართლაც გვაძლევს ფრთებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ ჩვენი კულტურის განვითარებისთვის.
დაბოლოს, თუ წარმოვიდგენთ ანსამბლის მომავალს 10 წლის შემდეგ – რა არის ის ერთი მთავარი პროფესიული მიზანი ან ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული?
დრო საოცარი სისწრაფით გარბის – 10 წლის წინანდელი ამბები გუშინდელივით მახსოვს. მომავალში კვლავ განვითარებასა და ახალ პროგრამებს ვხედავ, თუმცა მაქვს ერთი დიდი ოცნება: მინდა საქართველოში დაარსდეს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ცეკვის მუზეუმი. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ისტორია და მომავალი ერთმანეთს შეხვდება. იმედი მაქვს, მომდევნო ათწლეულში ამ ჩანაფიქრსაც შევასხამთ ხორცს.




